შრომის შინაგანაწესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

  • შპს საზოგადოებრივი კოლეჯი  ზუგდიდის  აკადემია(შემდეგში აკადემია) წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს;

1.2. შრომის  შინაგანაწესი (შემდგომში შინაგანაწესი) არის აკადემიასთან  დადებული ხელშეკრულების  განუყოფელი  ნაწილი;

1.3. შინაგანაწესი აწესრიგებს აკადემიისა და დასაქმებულთა შორის შრომით ურთიერთობებს, ასევე აკადემიისა და  პროფესიულ სტუდენტს (შემდეგში-სტუდენტი) შორის სამართლებრივ ურთიერთობებს;

 

 

მუხლი 2. შრომითი ურთიერთობა

 

2.1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზებული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის (აკადემიისათვის) სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ;

2.2. შრომითი ურთიერთობა  წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანმებით;

2.3. შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო;

2.4. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

 

Mმუხლი 3. შრომითი ხელშეკრულების დადება

 

3.1 შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით;

3.2. პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული  დოკუმენტი _ დირექტორის ბრძანება, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას;

3.3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე;

 

მუხლი 4. პერსონალის სამსახურში მიღების წესი და   წარსადგენი დოკუმენტები

 

 

4.1 პერსონალის  სამსახურში  მიღებისას და განთავისუფლებისას  დირექტორი  ხელმძღვანელობს  საქართველოს   შრომის  კანონმდებლობით.

4.2. დაწესებულებაში  ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროფესიული მასწავლებლები სამსახურში მიიღებიან  წერილობითი განცხადების   საფუძველზე. ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ თავსდება აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც მიეთითება ვაკანციის რაოდენობა, მოთხოვნები და საბუთების წარმოდგენის ვადები.

4.3. შრომითი ხელშეკრულების დადებისას დაწესებულება (დამსაქმებელი) ვალდებულია კანდიდატს მოსთხოვოს:

4.3.1. წერილობითი განცხადება;

4.3.2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4.3.3. ავტობიოგრაფია (CV);

4.3.4. .განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

4.3.5.შრომითი გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

4.4. 4.3. პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა გახდება ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის  საფუძველი.

4.5. საჭიროებისას შეიძლება დირექტორის გადაწყვეტილებით განხორციელდეს  ადმინისტრაციის თანამშრომლების ან/და პროფესიული განათლების  მასწავლებლების შერჩევა კონკურსის მეშვეობით, ასეთის არსებობის შემთხვევაში კონკურსის წესი და პირობები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით და გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე.

 

 

მუხლი 5. სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო

 

5.1. აკადემიაში სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  10:00 საათიდან 18:00 საათამდე,  შესვენება 14:00 საათიდან 15:00 საათამდე.

5.2.აკადემიის  ბიბლიოთეკის თანამშრომელთა სამუშაო  გრაფიკი განისაზღვრება აკადემიის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესით;

5.2. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ აღემატება  კვირაში 40 საათს.

5.3.მოდულის განმახორციელებელი პირის-პროფესიული განათლების მასწავლებლის შესვენების დრო განსაზღვრულია ლექცია/პრაქტიკულ მეცადინეობებს შორის არსებული  შესვენების დროით;

5.4.სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო;

5.5.. უქმე დღეები  განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი  6. შვბულება

6.1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

6.2.მუშაობის პირველ წელიწადს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება თანამშრომელს წარმოეშობა მუშაობის 11  თვის შემდეგ.

6.3. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე  15   კალენდარული დღით.

6.4. თანამშრომელი ვალდებულია ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გასვლის თხოვნით 2  კვირით ადრე წერილობით მიმართოს    დირექტორს.

6.5.თანამშრომლის შვებულებაში გასვლა (მიუხედავად იმისა ანაზღაურებადია თუ ანაზღაურების გარეშე)  ფორმდება    დირექტორის მიერ ბრძანების გამოცემით.

 

Mმუხლი 7. შრომის ანაზღაურება,  დაქვითვა

 

7.1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება ყოველი დასაქმებულისათვის ინდივიდუალურად   ხელშეკრულებით;

7.2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ;

7.3. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით;

7.4. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება;

7.5. შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის ოდენობა არ აღემატება  შრომის ანაზღაურების 20 პროცენტს;

 

მუხლი 8. ზეგანაკვეთური სამუშაო

 

8.1. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:

8.2. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს სანაცვლოდ დასაქმებულს მიეცემა დამატებითი დასვენების დრო;

8.3. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვანის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

 

 

 მუხლი 9. შრომითი ურთიერთობების შეჩერება

9.1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

9.2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები დარეგულირებულია  დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

მუხლი 10. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

 

10.1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის  საფუძვლები დარეგულირებულია  დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

მუხლი 11.  პასუხისმგებლობა

 

11.1. შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ შინაგანაწესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

11.2. დასაქმებულები მოვალენი არიან მზრუნველობით მოეპყრან აკადემიის ქონებას და მიიღონ ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად;

11.3. შრომის მოვალეობის შესრულებისას აკადემიისათვის მიყენებული ზიანის გამო დასაქმებულს ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა პირდაპირი ნამდვილი ზიანის ოდენობით;

11.4. დასაქმებულის ბრალეულობით გამოწვეული ზიანისათვის აკადემიას უფლება აქვს დასაქმებულს დააკისროს ჯარიმები და სანქციები, რომელსაც ზიანის ოდენობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით განსაზღვრავს აკადემიის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

 

 

 

მუხლი 12. დავის განხილვა და გადაწყვეტა

 

12.1. დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის ხელშეკრულების მხარეთა (აკადემია და დასაქმებული) კანონიერ ინტერესებში;

12.2. დავა წარმოიშობა მხარის მიერ მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით უთანხმოების შესახებ;

12.3. შრომით ურთიერთობაში დავის წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასევე შრომითი ხელშეკრულების ან/და შრომის პირობებისა და აკადემიის მიერ დადგენილი დებულებებისა და წესების დარღვევა;

12.4. დავის განხილვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს დავა;

12.5. დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას;

12.6. დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შეთანხმებული პროცედურებით;

12.7. შეთანხმებული პროცედურების დაწყების შესახებ მხარე მეორე მხარეს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მოთხოვნები;

12.8. მეორე მხარე ვალდებულია წერილობითი შეტყობინება განიხილოს და თავისი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს მხარეს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

12.9.  თუ დავის დროს შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ან თუ მხარემ თავი აარიდა შეთანხმებულ პროცედურებში მონაწილეობას, მეორე მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს;

12.10. დავის დროს დაუშვებელია დავის განხილვის პროცესში მხარეთა მიერ მოთხოვნის გაზრდა ან დავის შეცვლა;

 

 

მუხლი 13. პერსონალის  წახალისება მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის

 

13.1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის აკადემია უფლებამოსილია დასაქმებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი სახეობები:

13.1.1. მადლობის გამოცხადება (ოფიციალური დოკუმენტის სახით);

13.1.2. წახალისება ფულადი სახით (პრემია);

13.1.3. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

13.1.4. დისციპლინური სახდელის ვადამდე ადრე მოხსნა;

131.5. სამსახურებრივი დაწინაურება;

13.3. წახალისებაზე სახეობების მიხედვით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს აკადემიის დირექტორი, რომელიც ფორმდება მისივე ბრძანებით და ამონაწერი  შინახება პერსონალის   პირად საქმეში.

 

მუხლი 14. პროფესიულ სტუდენტთა წახალისება

 

14.1..დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა წახალისება ხდება მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისათვის,  სანიმუშო ყოფაქცევისათვის და აქტიურობისათვის,  გამორჩეული აკადემიური მოსწრებისათვის,  დაწესებულების სახელით სპორტულ,  კულტურულ ღონისძიებებში წარმატებების  მიღწევისათვის;

 

14.2.პროფესიულ სტუდენტთა  წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ)სტიპენდიის დანიშვნა.

14.3. წახალისება ცხადდება  დირექტორის ბრძანებით და ასლი შეიტანება პროფესიული  სტუდენტის პირად საქმეში

 

 

მუხლი 15. დისციპლინა

 

15.1. აკადემიის დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება  პროფესიული სტუდენტის და დასაქმებულის (მასწავლებლის და სხვა) თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას;

15.2. ამ შრომის შინაგანაწესით და აკადემიის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და წესების (დებულებები, დირექტორის ბრძანებები) სათანადოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში აკადემიის ხელმძღვანელობა (შესაბამისი უფლებამოსილი პირი) უფლებამოსილია ყოველი დისციპლინური გადაცდომისას განახორციელოს  დისციპლინური დევნა და ამ შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოს დისციპლინური სახდელის დადება;

 

15.3. დისციპლინურ გადაცდომად ითვლება აკადემიის წესდებით, ამ შინაგანაწესით, დებულებებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების უგულებელყოფა და/ან მათი სათანადოდ არ შესრულება;

 

15.4. დისციპლინური დევნა არის აკადემიის უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია პროფესიული სტუდენტის ან დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა-დადგენა;

 

15.5. დისციპლინური სახდელი არის ამ შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა;

15.7. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას;

15.8. დისციპლინური დევნისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია განუმარტოს პირს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი;

15.9. აკადემიის პერსონალს შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის დისციპლინარული სახდელი:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) ხელფასის მთლიანად ან ნაწილის დაკავება;

ე) დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება.

16.10. აკადემიის პროფესიულ სტუდენტს  შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის დისციპლინარული სახდელი:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური (პირად საქმეში შეტანით);

დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ე) სტუდენ ტის სტატუსის შეწყვეტა.

1.11. დირექტორი   გამოსცემს   სამართლებრივ   აქტს,   ბრძანებას   დისციპლინარული   სახდელის დადების თაობზე.

 

მუხლი 16.  შინაგანაწესის გაცნობა

 

16.1.აკადემიის შინაგანაწესი თავსდება აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში საჯაროდ გაცნობისა და მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენისათვის.

16.2.აკადემიის თითოეულ თანამშრომელს და პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს შინაგანაწესთან დაკავშირებით თავისი მოტივირებული შენიშვნები და წინადადებები წარმოუდგინოს აკადემიის დირექტორს.

16.3.აკადემიის შინაგანაწესის გაცნობა შეუზღუდავად და ნებისმიერ დროს შეუძლია აკადემიის თითოეულ თანამშრომელს და პროფესიულ სტუდენტს.

 

 

 

მუხლი 17. დასკვნითი დებულებები

 

17.1. მ შინაგანაწესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დირექტორის ბრძანებით.